ნუმიზმატისა და ბონისტის განმარტებითი ლექსიკონი (ნაწილი 4)

228. ულუსი – მონღ. ოლქი, წილხვედრი ქვეყანა. ეს ტერმინი გულისხმობდა ასევე მონღოლთა 
ადმინისტრაციასაც. 

229. ფანჯშაჰი – იხ. შაური 

230. ფასისი (ფაზისი) – ძველი და შუა საუკუნეების ქალაქი და ნავსადგური საქართველოს შავი ზღვის 
სანაპიროზე; კოლხეთის სამეფოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული 
ცენტრი. ძველი ფასისი ჯერ არ არის აღმოჩენილი, რაც აიხსნება საუკუნეთა მანძილზე ზღვისპირისა და მდ. 
რიონის კალაპოტის რელიეფის ცვლილებით. ფასისი წყაროებში პირველად მოხსენიებულია ბერძენი 
ავტორის ფსევდო – სკილაქს კარიანდელის „პერიპლუსში“ (ძვ. წ. IV ს.). სტრაბონის (ძვ. წ. I ს. – ახ. წ. I ს.) 
მიხედვით, ფასისი კოლხეთის ემპორიონი (სავაჭრო ცენტრი) შემოფარგლული იყო მდ. ფასისით (ახლანდ. 
მდ. რიონი), ტბითა (ახლანდ. პალიასტომის ტბა) და ზღვით. არიანესა (ახ. წ. II ს.) და V ს – ის ანონიმი 
ავტორის მიხედვით ფასისი მდებარეობდა მდ. ფასისის მარცხენა ნაპირზე და ემიჯნებოდა ტბას. 
წერილობითი ცნობებისა და არქეოლოგიური მასალის საფუძველზე საფიქრებელია, რომ ფასისი 
მდებარეობდა თანამედროვე ფოთისა და მისი შემოგარენის რეგიონში. მეცნიერებაში ფასისის ტიპოლოგიის 
შესახებ არ არის აზრთა ერთიანობა: სპეციალისტთა ერთი ნაწილი მას ბერძნულ ქალაქად მიიჩნევს; მეორე 
ნაწილი – შერეული ტიპის ბერძნულ – კოლხურ ქალაქად (იმ მხარის არქეოლოგიური შესწავლის შედეგები, 
სადაც სავარაუდოა ფასისის მდებარეობა, მეტყველებენ მის კოლხურ ტიპოლოგიაზე). ფასისი 
მნიშვნელოვანი ქალაქი იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების დამაკავშირებელ სავაჭრო 
მაგისტრალზე. ფასისის ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობით ისარგებლა რომის იმპერიამ – აქცია ის 
აღმოსავლეთში ექსპანსიის პლაცდარმად. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქალაქს ირან – ბიზანტიის ომების 
პერიოდშიც (VI ს.). IV ს – ში ფასისში იყო კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა. ადრეულ შუა 
საუკუნეებში ფასისი ლაზიკის მიტროპოლიტის რეზიდენცია იყო. 

231. ფიგურული მონეტები – XIII ს-ის დასაწყისში, ლაშა – გიორგის მეფობის დროს, მოიჭრა ე. წ. ფიგურული 
მონეტები, რომელთაც თევზის, ფრინველის, ნალის ან შუბისპირის მოხაზულობა ჰქონდა. 

232. ფლური – 1252 წელს ფლორენციაში მოჭრილი ოქროს მონეტის სახელწოდება. XIV ს – ის II ნახევრიდან 
ქართულ წერილობით წყაროებში მოხსენიებული ოქროს მონეტის აღმნიშვნელი ტერმინი, რომელსაც 
ხშირად თან ერთვოდა სადაურობის მითითებაც; მაგ., ვენეტიკური ფლური, ე. ი. ვენეციური დუკატი, 
ოსმანური ფლური ანუ ოსმალეთში მოჭრილი ოქროს მონეტა /გ. დუნდუა/; XIV ს – ის II – ნახ -დან ოქროს 
ფულადი ერთეულის ამსახველი ტერმინი; XVII – XVIII სს – ში უკვე დრაჰკანის მნიშვნელობით იხმარებოდა, 
მოგვიანებით დამოუკიდებლადაც არსებობდა; წარმოიშვა იტალიური ფულის – ფლორინისაგან; 
მოგვიანებით ფლური საერთოდ ოქროს ფულის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა, მაგ., ოთმანური (ოსმანური) 
ოქრო. ოქროს ფულის აღსანიშნავად სხვა ტერმინებსაც იყენებდნენ, მაგ., დინარს და ზოგჯერ უბრალოდ 
„ოქროსაც“, თუმცა ეს უკანასკნელი ტერმინები შედარებით იშვიათია /დ. კაპანაძე/. 

233. ფოლადი – რკინის დეფორმირებადი (ჭედადი) შენადნობი ნახშირბადსა (არა უმეტეს 2%–ისა) და სხვა 
ელემენტებთან. შავი მეტალურგიის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი. ფოლადის წარმოების უძველესი 
ხერხია ცივსაბერი პროცესი, რომელსაც საფუძვლად ედო ქურაში (მოგვიანებით შახტურ ღუმელში) რკინის 
აღდგენა მადნიდან ხის ნახშირით. ძველი ქართველი მელითონეები სიტყვა ფოლადს უწოდებდნენ მაგარ 
რკინას, რომელიც რუსულ ენაში „ბულატის“ სახელწოდებით დამკვიდრდა. ადრეული მეტალურგიის 
უდიდეს მიღწევად ამ სახის ფოლადი ითვლება. ასეთი ფოლადის ნამზადის ზედაპირი ტალღოვანია ან 
ქსოვილისებრი ბოჭკოვნებით გამოირჩევა, ახასიათებს მაღალი ფხამახვილობა, დიდი დრეკადობა და 38
სიმტკიცე. გამოყენების სფეროს მიხედვით ფოლადი არის საკონსტრუქციო, საიარაღო და განსაკუთრებული
თვისებების მქონე. 

234. ფოლისი – III ს – ის მეორე ნახევარში რომში კატასტროფულად დაეცა ვერცხლის მონეტების (დენარისა და 
ანტონიანის) ღირებულება, რის კომპენსირებას ხელისუფლება ცდილობდა ახალი ემისიებით. გაჩნდა ახალი 
ფულადი საანგარიშო ერთეული – ფოლისი – „ტომარა“, ე. ი. ფულით სავსე ტომარა. ამ ტერმინმა 
მრავალნაირი ცვლილება გამოსცადა – ბერძნული „ფოლისიდან”, არაბების დროს ის „ფელსად” გადაიქცა და 
ამ სახით მონღოლთა დრომდე შემორჩა; XVII ს -დან „ფელსის” ნაცვლად შემოღებული იყო სპარსული 
„ფულუსი”, რომელიც ჩვენში „ფულის” სახით დამკვიდრდა /გ. დუნდუა/. იხ. ქართული ფულუსი. 

235. ფული – ღირებულების საყოველთაო ეკვივალენტი. 

236. ფული – თავდაპირველად ღირებულების ერთეულის მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა შემდეგ ის უკვე საფასის 
ზოგად დასახელებად იქცა და ამ სახით დამკვიდრდა. ფულის ანუ კასბეკის საფასის სხვა ერთეულებთან 
შეფარდება შემდეგია: ერთი ფული უდრიდა ხუთ დინარს, რომელიც ღირებულების უკნინეს ერთეულს 
წარმოადგენდა და სინამდვილეში ამ დროს არც კი იჭრებოდა. ფაქტიურად ის მხოლოდ საანგარიშო 
ერთეულად ითვლებოდა; მაგრამ რადგანაც 4 ფული ერთ ბისტს შეადგენდა, ხოლო ორნახევარი ბისტი – 
შაურს და ორშაურიანი კი, იგივე უზალთუნი ას ალთუნს შეიცავდა, გასაგები ხდება, რომ ალთუნი და 
დინარი ერთსა და იგივე საანგარიშო ერთეულს წარმოადგენს. რადგან აბაზი უდრის ორ უზალთუნს = 4 
შაურს = 10 ბისტს = 40 ფულს = 200 ალთუნს ანუ დინარს. გასაგები ხდება რიცხვითი მნიშვნელობა იმ 
ნომინალებისა, რომლებიც შემოღებული იყო XIX ს-ის უკანასკნელ ქართულ ფულზე. იხ. რუსულ – 
ქართული ფული. 

237. ფულის ემისია – (ლათ. emissio -გამოშვება), ფულის მიმოქცევაში გაშვება. 

238. ფულის მიმოქცევა – ფულის, როგორც მიმოქცევისა და გადახდის საშუალების, განუწყვეტელი მოძრაობის 
პროცესი. 

239. ფულის ნიშნები – ღირებულების ნიშნები, რომლებიც ცვლიან მიმოქცევაში ოქროსა და ვერცხლის ფულის 
განსაზღვრულ რაოდენობას. ფულის ნიშნებს (ქაღალდის ფული, საბანკო ბილეთი), აგრეთვე 
არასრულფასოვან მონეტებს (სპილენძის, ნიკელისა და სხვ.) არა აქვთ საკუთრი ღირებულება, მაგრამ 
განსაზღვრულ ფარგლებში შეუძლიათ შეცვალონ ოქროსა და ვერცხლის ფული, როგორც გადახდის 
საშუალება. 

240. ფულის რეფორმა – ფულის მიმოქცევის სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული გარდაქმნები, 
რომლის მიზანია ფულის მიმოქცევის მოწესრიგება და ფულის სისტემის განმტკიცება. ფულის რეფორმის 
გატარების მეთოდები განპირობებულია წარმოების წესით, პოლიტიკური სისტემით, ქვეყნის ეკონომიკის 
მდგომარეობით და სხვა. ფულის მიმოქცევის ისტორიაში ცნობილია ფულის რეფორმის შემდეგი სახეები: 1. 
ერთი ტიპის ფულის სისტემიდან ან ერთი სახის ფულადი საქონლიდან მეორეზე გადასვლა; 2. 
არასრულფასოვანი, გაუფასურებული მონეტების შეცვლა სრულფასოვნით ან არაშეუქცევადი ფულის 
ნიშნებისა -შექცევადით; 3. ცვლილებები ფულის ემისიის სისტემაში; 4. ვალუტის სტაბილიზაცია ან ფულის 
მიმოქცევის სრულყოფისათვის ნაწილობრივი ღონისძიებები; 5. ახალი ფულადი სისტემის წარმოქმნა. 

241. ფულის რეფორმები ძველ საქართველოში – საქართველოს ისტორია იცნობს ფულის მიმოქცევის დარგში 
გატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს და რეფორმებს, იცვლებოდა მონეტის სახე ფორმა, ფულადი 
მასალა, სინჯი, მოჭრის წესი და სხვა. აღსანიშნავია დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული რეფორმები, 
რომლებიც ფულად –სამონეტო საქმესაც შეეხო (ვერცხლი შეცვალა სპილენძის მონეტამ), რუსუდან 
დედოფლის ღონისძიებები, ვახტანგ VI – ის კანონთა კრებული შეიცავდა „თეთრის გარიგების“ სპეციალურ 
კარს, რომელშიც გათვალისწინებული იყო ფულის მოჭრის პროცედურა, წესები. ფულის მიმოქცევის დარგში 
მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ერეკლე II – მ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1804 –
1834 წწ.) მიმოქცევაში იყო რუსულ – ქართული მონეტები: საქართველოში იჭრებოდა „ქართული თეთრი“ 
(ვერცხლი) და „ქართული ფული“ (სპილენძი). 

242. ფულის სისტემა – ცალკეულ ქვეყანაში ფულის მიმოქცევის ორგანიზაციის ისტორიულად ჩამოყალიბებული 
ფორმები, რომლებიც რეგლამენტირებულია საერთო სახელმწიფო მასშტაბით. ყოველ ფულად სისტემას 
საფუძვლად უდევს განსაზღვრული ფულადი საქონელი, რომელიც გამოდის საყოველთაო ეკვივალენტის 
როლში. 

243. ქართლის ერისმთავრის დრაქმები – VI ს – ის დასაწყისსა და VII – ის დასაწყისში ქართში მოჭრილი 
სასანური ტიპის ვერცხლის მონეტები. ცნობილია ქართულ – სასანური მონეტების სახელითაც. ნაპოვნია 
ოცდაათიოდე ცალი. მასა 2,5 – 3,5 გრ. შორის მერყეობს. ქართლის ერისმთავრის დრაქმები სასანიანთა 39
ირანის მმართველების ჰორმიზდ IV (579 – 590 წწ.) და ხოსრო II – ის (590/1 – 628 წწ.) მონეტების იმიტაციაა. 
შუბლზე გამოსახულია მარჯვნივ მიბრუნებული ჰორმიზდ IV და ხოსრო II – ის სათანადო ფალაური 
წარწერა. ქართულ სასანურ მონეტებში გამოიყოფა 3 ჯგუფი: 1. ანონიმური მონეტები, რომელთა შუბლზე 
სასანიანთა მმართველების ბიუსტის გვერდით ან ზურგზე წმინდა ცეცხლის ნაცვლად გამოსახულია 
ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლო – ჯვარი; 2. მონეტები, რომელთა შუბლზე 
ქართლის ერისმთავართა სახელები დაქარაგმებულია ქართული ასომთავრულით ან ამ ასოების 
ლიგატურით, მაგრამ ზურგზე მაინც შენარჩუნებულია ცეცხლთაყვანისმცემელთა ემბლემა. ამ ჯგუფის 
დრაქმებზე ამოკვეთილია ორი ქართული ასო ãí (გნ), ე. ი. გურგენი; 3. მონეტები, რომლების შუბლზეც 
ვრცელი ქარაგმით ან სრულად წერია ქართლის ერისმთავრის სტეფანოზის სახელი, ხოლო ზურგზე წმინდა 
ცეცხლის ნაცვლად საკურთხეველზე ჯვარია გამოხატული. ამ მონეტებს ჭრიდნენ 593/95 – 600/702 წწ – ში. 
სავარაუდოა, რომ დრაქმა, რომელზეც სტეფანოზის სახელი სრულადაა მოცემული, მოიჭრა მას შემდეგ, რაც 
ქართლმა დამოუკიდებლობა მოიპოვა /გ. დუნდუა/. იხ. სასანური დრაქმა. 

244. ქართულ – ბიზანტიური მონეტა – X – XII სს – ის ვერცხლის ქართული მონეტები, რომელთა წარწერებშიც 
ქართველი მმართველები და მეფეები ბიზანტიური ტიტულებით არიან მოხსენიებული; ასეთებია: 1. დავით 
კურაპალატის (+1001 წ.) მონეტა. ნაპოვნია 3 ცალი, მასა 3,1 – 3,50 გრ.; შუბლზე ორსტრიქონიანი ქართული 
ასომთავრული ზედწერილია: „ქრისტე, შეიწყალე დავით“. ზურგზე გამოხატულია ოთხსაფეხურიან 
კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი, რომლის ტოტებს შუა ასომთავრული ქარაგმით წერია: „კპტი“ 
(კურაპალარი). სავარაუდოა, რომ ეს ტიტული ტაო – კლარჯეთის მფლობელს მიენიწა იმ დახმარების 
სანაცვლოდ, რომელიც მან ბიზანტიის იმპერატორს ბასილი II – ს აღმოუჩინა ბარდა სკლიაროსის აჯანყების 
ჩაქრობისას (979 წ.). ამიტომ დავითის მონეტებიც ამ წლით უნდა დათარიღდეს. საინტერესოა, რომ დავით 
კურაპალატის დღემდე ცნობილი სამივე მონეტა საქართველოს საზღვრებიდან შორსაა აღმოჩენილი: ერთი 
ნაპოვნია 1859 წ. ქ. შვანის მახლობლად (გერმანია), მეორე – 1878 წ. ოლონეცის გუბერნიაში (პეტერბურგის 
ოლქი), ხოლო მესამე – 1900 – იან წლებში ვილაში (ესტონეთი). 2. ბაგრატ IV (1027 – 1072 წწ.) მონეტა, მასა 
დაახლოებით 1,56 გრ.; მოჭრილია ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მონომაქოსის (1042 – 1055 წწ.) 
მონეტების მიხედვით, იყოფა ორ ჯგუფად. პირველი: შუბლზე ორმაგი წერილოვანი რკალით 
გარშემოვლებული ვლაქერნის წმინდა ღვთისმშობლის წელზევითი გამოსახულება და თავის ირგვლივ 
განლაგებული ბერძნული ზედწერილი: „წმინდა ღვთისმშობელი“. ზურგზე – მონეტის კიდეებზე, 
წერტილოვან რკალს შიგნით, ქართული ასომთავრული ზედწერილი: „ქრისტე, ადიდე ბაგრატ, აფხაზთა 
მეფე“. ცენტრში ასევე წერტილოვანი რკალით გარშემოვლებულია სამსტრიქონიანი წარწერა: „და 
ნოველისიმოსი“. ნოველისიმოსის ტიტულს ბაგრატ IV ატარებდა 1057 – 1060 წწ – ში. ეს მონეტებიც ამ 
დროით უნდა დათარიღდეს. 1060 წ. ტურქ – სელჩუკების თავდასხმის საშიშროებასთან დაკავშირებით მას 
„სევასტოსობ“ა უბოძეს, რაც აისახა კიდეც მოერე ჯუფის მონეტებზე. ზემოაღწერილთაგან ისინი 
განსხვავდებიან იმით, რომ „ნოველისიმოსის“ ტიტული შეცვლილა „სევასტოსით“; 3. გიორგი II – ის (1072 – 
1089 წწ.) მონეტა; ნაპოვნია 100 ცალი; ქართული ლეგენდის მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა; I – შუბლზე 
წერტილოვან რკალში ჩასმული ვლაქერნის წმინდა ღვთისმშობლის წელზევითი გამოსახულება, თავზე 
შარავანდედით და სამი ვარდულით. გამოსახულების გვერდებზე ბერძნული ზედწერილია: „წმინდა 
ღვთისმშობელი“; ზურგზე, შერწყმულ წერტილოვან რკალში, ზედწერილია: „ქრისტე, ადიდე გიორგი 
აფხაზთა და ქართველთა მეფე“. ცენტრში სამსტრიქონად განაწილებულია: „და ნოველისიმოსი“. II და III 
ჯგუფის მონეტები ზემოაღწერილისაგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ „ნოველისიმოსი“ შეცვლილია 
„სევასტოსითა“ და „კესაროსით’. პირველი ორი სამონეტო ჯგუფი 1072 – 1081 წწ, ხოლო მესამე – 1081 – 1089 
წწ. უნდა დათარიღდეს; 4. დავით აღმაშენებლის (1089 – 1125 წწ.) მონეტები ბიზანტიური ტიტულებით. 
ნაპოვნია 6 ცალი; მასა 0,51 – 0,87 გრ.; იყოფა ორ ტიპად. პირველი იმეორებს ბაგრატ IV – ისა და გიორგი – II –
ის მონეტებს, შეცვლილია მხოლოდ ზურგის ქართული ზედწერილი: „ქრისტე, ადიდე დავით აფხაზთა მეფე 
და სევასტოსი“. დავითის მეორე ტიპის მონეტა პირველისაგან იმით განსხვავდება, რომ მის ზურგზე 
გამოხატული ჯვარი და ფრაგმენტულად შემორჩენილი ქართული ზედწერილი: „ქრისტე, ადიდე დავით 
მეფე და…“ აქ შეიძლება ყოფილიყო ან „სევასტოსი“ ან „პანიპერსევასტოსი“. ორივე ტიპის მონეტის ემისიის 
თარიღად უნდა მივიჩნიოთ 1085 – 1103 წწ. გაერთიანებული საქართველოს ძლიერმა მეფემ შემდგომში ჯერ 
უარი თქვა თავის მონეტებზე ბიზანტიური ტიტულის მოთავსებაზე და ბოლოს – საერთოდ მონეტის 
ბიზანტიურ ტიპზე /გ. დუნდუა/. 

245. ქართულ – ჰულაგუიანური დირჰემი – XIII ს – ის 80 – იან წლებში თბილისში მოჭრილი ვერცხლის მონეტა, 
რომლის ერთ მხარეს ილხანის სახელის შემცველი ზედწერილია უიღურულად, ხოლო მეორეზე – 
ქრისტიანული ლოცვა არაბულად: სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, ღმერთისა ერთისა“ 
და ჯვრის გამოსახულება, გარე სეგმენტებში – გამოშვების თარიღი. იშვიათად მოჭრის ადგილი – თბილისი. 
ამგვარი ფული დიდი რაოდენობით მიმოიქცეოდა აღმ. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, რასაც 
მათი განძებად აღმოჩენის შემთხვევებიც მოწმობს. საქართველო ერთადერთი იყო ჰულაგუიანების 
ქვეშევრდომ სახელმწიფოთა შორის, რომელიც მონეტას ქრისტიანული სიმბოლოს გამოსახულებით 
უშვებდა /ი. ჯალაღანია/. 
40
246. ქართული ნუმიზმატიკის მკვლევარები – ქართული ნუმიზმატიკური მასალის პირველი მკვლევარები
არიან ადლერი, რომელმაც რომში გამოაქვეყნა პირველი ქართული მონეტა აღმოსავლურ მონეტებთან 
ერთად და ცნობილი ორიენტალისტი და ქართველოლოგი მარი ბროსე (1808 -1880წწ.). მარი ბროსემ 
საქართველოში მოგზაურობისას (1847-1848 წწ.) შეკრიბა ეპიგრაფიკული, დოკუმენტური, ნუმიზმატიკური 
მასალა და 1849 – 1851 წლებში პეტერბურგში გამოაქვეყნა, რითაც საკმაოდ წინ წასწია ქართული მონეტების 
შესწავლის საქმე. 
ქართული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი – იხ. მ. ბარათაშვილი 
ივანე ბართოლომეი (1813-1870 წწ.) – ცნობილი არქეოლოგი და ნუმიზმატი, გენერალ-ლეიტენანტი; 1850-
იანი წლებიდან ქართული მონეტებით დაინტერესდა. მან პირველმა გამოთქვა მოსაზრება ქართულ 
ნუმიზმატიკურ ძეგლებს შორის ანტიკური ხანის მონეტების არსებობის შესახებ, ყურადღება გაამახვილა 
სასანური ტიპის ქართულ მონეტებზე. ბართოლომეიმ წვლილი შეიტანა კავკასიის ეთნოგრაფიის 
განვითარებაშიც. მისი ავტორობით გამოვიდა წიგნი “Поездка в вольную Сванетию в 1853 году”(ტფ. 1855). 
როგორც ცნობილია, ჩეჩნებსა და აფხაზებს დამწერლობა არ ჰქონდათ, სწორედ ბართოლომეიმ შექმნა 
დამწერლობა აფხაზებისა და ჩეჩნებისათვის: შეადგინა „აფხაზური ანბანი“ (ტფ. 1865) ასევე „ჩეჩნური 
ანბანი“ (ტფ. 1866); 1856 წლიდან ბართოლომეი მეცნიერებათა აკადემიის წევრ -კორესპონდენტადაც 
აირჩიეს. 
ვიქტორ ლანგლუა (1863 -1929 წწ.) – ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი, სორბონის უნივერსიტეტის შუა 
საუკუნეების ისტორიისა და პალეოგრაფიის პროფესორი; დაინტერესებული იყო საქართველოს ფულადი 
ნიშნებით – მისი ძირითადი სამეცნიერო შრომები ეთმობა შუა საკუნეების საფრანგეთს, ისტორიულ 
ბიბლიოგრაფიასა და მეთოდოლოგიას. 1852 წელს და 1860 წელს ფრანგულ ენაზე გამოვიდა ვიქტორ 
ლანგლუას მონოგრაფია „ქართული ნუმიზმატიკის მიმოხილვა“. თუმცა, მეცნიერთა აზრით, როგორც 
პირველი, ისევე მეორე გამოცემა არასრულყოფილია და მათი გამოყენება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. 
ევგენი პახომოვი (1889-1965 წწ.) – ავტორი მონოგრაფიისა – „საქართველოს მონეტები“ ( Монеты Грузии, С-
П., 1910 – I ნაწ.); სამწუხაროდ, მეორე ნაწილის გამოსვლას ხელი შეუშალა პირველმა მსოფლიო ომმა, ამ 
ნაშრომის ორივე ნაწილი უცვლელი სახით გამოიცა 1970 წელს პროფ. დავით კაპანაძის რედაქტორობითა და 
კომენტარებით. მიუხედავად ზოგიერთი ნაკლისა, რაზეც მიუთითებდა აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი, 
ხსენებული ნაშრომი სრულად ინარჩუნებს თავის პირველხარისხოვან მნიშვნელობას. ქართული 
ნუმიზმატიკური მეცნიერების დიდი წარმატებების მიუხედავად, ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ, 
განსაკუთრებით ცალკეული პერიოდების ძეგლების შესწავლისა და შევსების თვალსაზრისით, მსგავსი 
უნივერსალური ტიპის მონოგრაფია დღემდე არ გამოქვეყნებულა. მხოლოდ ამ წიგნშია ქართული 
მონეტების მეცნიერული აღწერილობა თავმოყრილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია პახომოვის 
დამსახურება ამიერკავკასიაში აღმოჩენილი ფულადი განძების ტოპოგრაფიის შედგენის თვალსაზრისით. 
ივანე ჯავახიშვილი (1876-1940 წწ.) – 1925 წელს საქართველოში გამოდის ივანე ჯავახიშვილისა და 
პროფესორ სარგის კაკაბაძის (1886-1967 წწ.) თეორიული ხასიათის ნაშრომები, რომელთაც დიდი 
მნიშვნელობა აქვს ქართულ საფასეთა შესწავლის თვალსაზრისით. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ივანე 
ჯავახიშვილის მონოგრაფია – „ქართული საფას-საზომთმცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია“, ტფ., 
1925. ნაშრომის შესავალში იგი წერდა – „ ქართული ფულებისა და საზომების ისტორია ჯერ არ დაწერილა. 
არც წინათ და არც XIX- XX საუკუნეებში ამგვარი მიზანი არავის დაუსახავს და წინამდებარე გამოკვლევა 
პირველი ცდაა…“. ეს იყო ქართული საფას-საზომების უწყვეტი ისტორიის მონოგრაფიულად შესწავლის 
პირველი მცდელობა. XIX- XX საუკუნეების ქართულ ნუმიზმატიკურ მასალაზე გამოქვეყნებული 
ნაშრომების შესახებ ჯავახიშვილი აღნიშნავდა „ყველა ზემოდასახელებული ნაშრომი მხოლოდ 
აღწერილობითი ხასიათისანი არიან. ტერმინების, ფულის სისტემის და ტეხნიკის მიმოხილვა-განმარტების 
შემცველი ქართული ფულების ისტორია იქ არ მოიპოვება“. ივანე ჯავახიშვილმა მოხაზა გეგმა, რომლის 
მიხედვითაც აპირებდა დაეწერა ქართული ფულის ისტორიისადმი მიძღვნილი თავისი სამნაწილიანი 
გამოკვლევა. მისი აზრით, პირველი ნაწილი უნდა ყოფილიყო თეორიული ხასიათის – წერილობით 
წყაროებზე აგებული ქართული ფულის ისტორია, მეორე – აღწერილობითი, ანუ ფაქტობრივად არსებული 
ქართული მონეტების მეცნიერული აღწერა-ატრიბუცია, ხოლო მესამე – შედარებითი. ამ ნაწილში 
ერთმანეთთან უნდა შეჯერებულიყო წერილობითი წყაროების მონაცემები და რეალურად არსებული 
ნუმიზმატიკური მასალა. ჯავახიშვილის მონოგრაფია უნივერსალური და შეუცვლელი ცნობარია ქართული 
ნუმიზმატიკა-მეტროლოგიის საკითხების შესახებ. 
საინტერესოა არქეოლოგ მიხეილ ივაშჩენკოსა (1881-1946 წწ.) და პროფესორ სერგი მაკალათიას (1893-1974 
წწ.) მიერ 1930-იან წლებში გამოქვეყნებული სტატიები საქართველოში აღმოჩენილი ანტიკური ხანის 
მონეტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ არცერთი მათგანი არ იყო ნუმიზმატი, თუმცა მათი პუბლიკაციები 
მაღალი მეცნიერული დონით გამოირჩევა. 
ალექსანდრე ზოგრაფი (1889-1942 წწ.) – გამოჩენილი საბჭოთა ნუმიზმატი, ხელმძღვანელობდა ერმიტაჟის 
ნუმიზმატიკის განყოფილებას; იკვლევდა ანტიკური პერიოდის ეკონომიკასა და კულტურას მონეტათა 
ფონზე. მისი ფუნდამენტალური ნაშრომია „ანტიკური მონეტები“, ამასთანავე არის მრავალი სამეცნიერო 
კვლევის ავტორი; მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ქართული სამეცნიერო ნუმიზმატიკის განვითარების 
საქმეში. შეისწავლა და ორი ნაშრომი უძღვნა ანტიკური პერიოდის კავკასიის ნუმიზმატიკური ძეგელებს. ის 
იყო პირველი, ვინც თავი მოუყარა კავკასიაში მოჭრილ და აქვე გავრცელებულ ანტიკურ მონეტებს, მოგვცა 41
მათი ატრიბუცია და მეცნიერულად გაიაზრა შესაბამისი პერიოდის სამონეტო მიმოქცევისა და სამონეტო
საქმის კარდინალური საკითხები. 
თამარ ლომოური (1883-1965 წწ.) – ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველმა სწორედ თამარ ლომოურმა 
შეისწავლა საქართველოში სასანური და არაბული მონეტების მიმოქცევის, ამ ქვეყნებთან სავაჭრო – 
ეკონომიკური ურთიერთობებისა და და სავაჭრო – სატრანზიტო გზების საკითხი, მოხაზა სასანური და 
არაბული მონეტების გავრცელების არეალი საქართველოში; ასევე შეისწავლა შოთა რუსთაველის ეპოქის 
მონეტები; აღწერა და მიმოიხილა XI-XIII სს-ის ქართული მონეტები, ასევე პირველმა დასვა ამ ეპოქის 
საქართველოში უცხოური მონეტების მიმოქცევის საკითხი. თამარ ლომოურის წინაშე დაისვა საკითხი 
ქართული ნუმიზმატიკური ტერმინოლოგიის შექმნის შესახებ. მეცნიერმა დაადგინა ვახტანგ III-ის ტახტზე 
ასვლის ზუსტი თარიღი, ასევე გამოთქვა მოსაზრება საქართველოს მთიანეთში – ჟინვანში, სტეფანწმინდაში 
– ზარაფხანის არსებობის შესახებ. დაადგინა ახალციხეში ზარაფხანის არსებობა XIII-XIV; ასევე დაადასტურა 
XVI ს-ის დასავლეთ საქართველოში ქართული ფულის მოჭრის ფაქტი. მან ასევე შეისაწავლა სელჩუკური და 
მონღოლური მონეტები, სპეციალურად გამოიკვლია XVI ს-ის ქართული ფულის საკითხები. თამარ 
ლომოური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1924 წელს ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით 
დაარსებულ ნუმიზმატიკის კაბინეტს ხელმძღვანელობდა. 1931 წელს უნივერსიტეტის ნუმიზმატიკური 
კაბინეტის მონეტები და ინვენტარი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა და აკადემიკოს გიორგი 
ჩუბინაშვილის ინიციატივით ნუმიზმატიკური უჯრედი განყოფილებად ჩამოყალიბდა, თამარ ლომოური 
კი ძველი ხელოვნებისა და ისტორიის განყოფილების ასისტენტ – ნუმიზმატად დაინიშნა. დიდ ქართველ 
მეცნიერს 15 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერებითა და საქმის ღრმა ცოდნით სისტემაში მოჰყავდა 
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის კაბინეტის უმდიდრესი კოლექციები. მისი 
დაუღალავი შრომის შედეგად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში თავი მოიყარა თბილისის სახელმწიფო 
უნივერსიტეტის, საქართველოს საისტორიო და ეთნოგრაფიული საზოგადოების, წერა -კითხვის 
გამავრცელებელი საზოგადოების კოლექციებმა. თამარ ლომოურის მიერ ეს კოლექციები თავიდან იქნა 
კლასიფიცირებული და განსაზღვრული. 
დევიდ მარშალ ლანგი – ცნობილი ინგლისელი ქართველოლოგი; 1955 წელს გამოსცა სპეციალური 
გამოკვლევა ქართული ნუმიზმატიკის შესახებ – „ძიებანი საქართველოს ნუმიზმატიკის ისტორიიდან“, ნიუ-
იორკი, 1955, ინგლისურ ენაზე. ამ წიგნში ლანგმა გამოაქვეყნა აშშ – ს ნუმიზმატიკური ასოციაციის 
კოლექციის ქართული მონეტები და გადმოსცა საქართველოს სამონეტო საქმის თითქმის 2500 წლის 
ისტორია. უდიდესია ამ მონოგრაფიის როლი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ქართული მონეტების 
პოპულარიზაციის საქმეში. 
დავით კაპანაძე (1898-1971 წწ.) – მისი ინიციატივით საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის 
კაბინეტი გადაკეთდა ნუმიზმატიკის განყოფილებად; დავით კაპანაძე იყო მასალის შესანიშნავი 
შემგროვებელი და ქართული ნუმიზმატიკის პროპაგანდისტი; ის იყო 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის 
ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, გერმანულ, პოლონურ და ჩეხურ ენებზე, რამაც 
ქართული ფულის ისტორიას ფართო პროპაგანდა გაუწია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კაპანაძის 
შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმძღვანელო „ქართული ნუმიზმატიკა“, რომელიც დღემდე 
მოქმედი სახელმძღვანელოა უმაღლეს სასწავლებლებში. დავით კაპანაძე იკვლევდა ანტიკური და 
ფეოდალური ხანის ქართულ და ამ პერიოდში საქართველოში მიმოქცევად უცხოურ მონეტებს; მის 
სახელთანაა დაკავშირებული ახალი სამონეტო ტიპების, ჯგუფებისა და არქეოლოგიური ექსპედიციების 
ნუმიზმატიკური მასალების ჩართვა სამეცნიერო მიმოქცევაში: მან გამოაქვეყნა კოლხური თეთრის იშვიათი 
ცალები, აკესის სტატერის მეორე ეგზემპლარი, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების 
ტიპის უნიკალური ქართული მინაბაძები, საქართველოში აღმოჩენილი ავგუსტეს დენარებისა და რომაული 
აურეუსების იმიტაციები, მცხეთის, ბიჭვინთის, ზღუდერისა და სხვა არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ 
მოპოვებული ნუმიზმატიკური მასალები, ჯაფარიდების თბილური დირჰემები, XI საუკუნის 
ბიზანტიურტიტულებიანი ქართული მონეტები, XIV-XV სს-ის ქართველი ფეოდალების ვამიყ დადიანისა 
და ყვარყვარე ათაბაგის ფულები, XV ს-ის ქართული მონეტების გორის განძი. აღნიშნული პუბლიკაციებით 
შეივსო ქართული ნუმიზმატიკის უცნობი ფურცლები. კაპანაძე ასევე მუშაობდა სამონეტო ჯგუფების 
გენეზისისა და დათარიღება -ატრიბუციის საკითხებზე. 
თამარ აბრამიშვილი – ნაყოფიერად მოღვაწეობდა ქართული ნუმიზმატიკის სფეროში; იგი წარმატებით 
მუშაობდა საქართველო -ბიზანტიის, საქართველო – პართიის ურთიერთობის საკითხებზე ნუმიზმატიკური 
მასალების მიხედვით; თითოეულ ამ საკითხზე მან დაწერა სტატიების სერია და ოთხი სპეციალური 
მონოგრაფია; მან აღწერა დვირის განძი, იდუმალას განძი, ნოქალაქევის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 
1983-1989 გამოვლენილი ნუმიზმატიკური მასალები, ბოლნისის რაიონის სოფ. სარაჩლოში ნაპოვნი 
ვერცხლის მონეტების განძი, ოჩამჩირეში აღმოჩენილი ბიზანტიური სპილენძის მონეტები და სხვ.. 
კონსტანტინე გოლენკო (1929-1975 წწ.) – რუსული (საბჭოური) ნუმიზმატიკური სკოლის ერთ – ერთი 
გამოჩენილი მეცნიერი – არქეოლოგიის ინსიტუტის ნუმიზმატიკის განყოფილების უფროსი, ამერიკის 
ნუმიზმატიკის საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, გამოცემის „ნუმიზმატიკა და ეპიგრაფიკა“ 
რედკოლეგიის წევრი, 80 – მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ანტიკური 
ხანის საქართველოს ნუმიზმატიკური ძეგლების შესწავლის საქმეში. ამ მხრივ, პირველ რიგში, აღსანიშნავია 
მისი მონოგრაფია – «Денежное обращение колхиды в римское время», Л., 1964 – და ვრცელი გამოკვლევა – 
«Заметки об обращении римской монеты в закавказье», ВДИ, 1971, №4. აღსანიშნავია ასევე მისი ნაშრომი «Клад 42
монет из села Тобаниери» // Византийский временник. ტ. XVI. 1969. ეს შრომები ყურადღებას იქცევს არა მარტო
მასალის კვალიფიციური ატრიბუციით, არამედ რიგი სახელმძღვანელო დებულებებით და პრობლემებით. 
მისი დამსახურებაა დიოსკურიის სპილენძის საქალაქო მონეტების ზუსტი დათარიღება, არისტარქე კოლხის 
დრაქმების მონოგრაფიული შესწავლა, ფიჭვნარში აღმოჩენილი კოლხური და სინოპური მონეტების, 
აგრეთვე XIII ს – ის ტრაპიზონული ასპრების ტობანიერის განძის მაღალ მეცნიერული დონის პუბლიკაცია. 
თინათინ ქუთელია – კომპლექსურად შეისწავლა ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით საქართველოსა და 
სეფიანთა ირანის ურთიერთობა XV I -XVIII საუკუნეებში; ეს და სხვა თემები ქართული ნუმიზმატიკის 
შესახებ განხილულია სტატიებში „თბილისის ზარაფხანა XVII-XVIII სს – ვერცხლის ფული“, „კახეთის 
სამეფოს უცნობი ზარაფხანა“, „თბილისური სპილენძის ფულის ერთი ტიპის დათარიღებისათვის“ და სხვ.; 
იყო წიგნის „ ფული საქართველოში“ პირველი გამოცემის თანარედაქტორი; თინათინ ქუთელიას 
რედაქტორობით გამოიცა თამარ ლომოურის წიგნი „ფულის მიმოქცევის ისტორიისათვის შუა საუკუნეების 
საქართველოში“. 
ირინე ჯალაღანია – წარმატებით გამოიკვლია V-XIII სს-ის ქართული ნუმიზმატიკის პრობლემები. მან 
მონოგრაფიულად შეისწავლა სამონეტო საქმის ისტორია XIII ს – ის საქართველოში, აღწერა სასანური, 
სასანურ-ბიზანტიური, სასანურ – არაბული და არაბული მონეტების სრულიად ახალი განძები, 
პარალელურად მოახდინა უკვე ცნობილი განძების შემადგენლობაში შემავალი მონეტების ატრიბუცია 
ახალი სამეცნიერო ლიტერატურის შუქზე. მის მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი განძი რამდენიმე ათას 
ეგზემპლარს შეიცავს, მათ შორის იშვიათ და უნიკალურ ცალებსაც. 1979 წელს გამოქვეყნდა ირინე 
ჯალაღანიას ნაშრომი: «Иноземная монета в денежном обращении Грузии V-XIII вв.», სადაც განხილულია 
საქართველოსა და მახლობელი აღმოსავლეთის ვრცელი რეგიონის მრავალი კარდინალური ასპექტი, 
საქართველოში უცხოური მონეტების ცირკულაციის საკითხები V-XIII სს-ში. 
გიორგი დუნდუა – მონოგრაფიაში „სამონეტო მიმოქცევის საკითხისათვის XV საუკუნის საქართველოში“ 
პირველად ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში რეალიზებულია ივანე ჯავახიშვილის მეთოდოლოგიური 
მითითება. მონოგრაფიის შესავალში დასახულია ქართული ნუმიზმატიკის განვითარების შემდგომი 
ამოცანებისა და გზების ძიების ცდები. წიგნი შედგება სამი ნაწილისაგან: თეორიული (წყაროების 
მიმოხილვა), აღწერილობითი (მონეტების აღწერა – ატრიბუცია, როგორც ქართული, ასევე XV საუკუნის 
საქართველოში მიმოქცევადი უცხოური მონეტებისა) და შედარებითი (წერილობითი წყაროებისა და 
ფაქტობრივი მასალის მონაცემების ურთიერთშეჯერება). 
გიორგი დუნდუას მონოგრაფიული გამოკვლევა – „ე. წ. ქართულ-სასანური მონეტების პრობლემა და 
ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის საკითხები“ VI ს-ის ქართლის ერისმთავრების დრაქმების 
პრობლემის გაშუქებას ეხება. ამ მონოგრაფიაში პირველად ქართული ნუმიზმატიკური მეცნიერების 
ისტორიაში დადგენილია ქართლის ერისმთავრების დრაქმების ემისიის ზუსტი ქრონოლოგიური ჩარჩოები, 
რომ სტეფანოს მეორეს არასოდეს მოუჭრია მონეტა, რომ ამ სახელით გამოშვებული დრაქმების ერთადერთი 
ავტორი სტეფანოს პირველია. გიორგი დუნდუამ გამოაქვეყნა ბიჭვინთისა და ვანის არქეოლოგიური 
ექსპედიციების მიერ მოპოვებული მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა, რის საფუძველზეც წამოაყენა 
ჰიპოთეზა ტრაპეზუნტის II-III საუკუნეების სპილენძის საქალაქო მონეტების ქართველური სამყაროსადმი 
მიკუთვნებისა და ასევე ძვ. წ. აღ. I ს-ში ვანში სპილენძის ანონიმური მონეტების ემისიის შესაძლებლობების 
შესახებ. მან შეისწავლა „დიდი მცხეთის“ ნუმიზმატიკური ძეგლები; სეფიეთისა და ეკის რომაული 
მონეტების განძები; გამოსცა მონოგრაფია «Нумизматика античной Грузии», სადაც გაშუქებულია კოლხური 
თეთრის გენეზისისა და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ბერძნული კოლონიზაციის პრობლემა. 
გადათარიღებულია აკას სტატერი, ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით დეტალურადაა შესწავლილი 
კოლხური პანთეონი, კოლხეთისა და იბერიის პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის 
ასპექტები ძვ. წ. VI – ახ. წ. IV სს-ის მანძილზე გარე სამყაროსთან სამონეტო მონაცემების მიხედვით და სხვ. 
რევაზ ქებულაძე – ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით სპეციალურად გამოიკვლია საქართველო – 
ევროპის ურთიერთობა XV – XVIII სს-ში; მან რამდენიმე სტატია მიუძღვნა აგრეთვე ქართულ – ბიზანტიურ 
მონეტებსაც. მან შეისწავლა საქართველოს პოლიტიკურ – ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის 
საკითხები სხვა ქვეყნებთან ნუმიზმატიკურ ფაქტებზე დაყრდნობით; ამ საკითხებს მან მიუძღვნა შემდეგი 
სტატიები: „Из истории русско-грузинских взаимоотношений по нумизматическим данным“, „Монеты Давида 
Курапалата в кладах западноевропейских денариев“, „დავით აღმაშენებლის ბიზანტიურ – ტიტულიანი 
ვერცხლის მონეტები“, „ახალი მასალები საქართველოში ევროპული მონეტების მიმოქცევის შესახებ – XVIII 
ს.“, „საქართველოში ვენეციური დუკატების მიმოქცევის საკითხისათვის – XI-XIX სს.“, „საქართველოში 
პოლონური მონეტების მიმოქცევის საკითხისათვის – XV-XVII სს.“ და სხვ.. 
მერი ანთაძე – კომპლექსურად შეისწავლა საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა XV-XVIII 
საუკუნეებში ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით; ეს და სხვა თემები ქართული ნუმიზმატიკის შესახებ 
განხილულია სტატიებში: „ქვახვრელის განძი“, „თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ოსმალური მონეტები – 
XVIII ს.“, „თბილისში მოჭრილი იშვიათი ოსმალური ოქროს მონეტა – 1723 წ.“, „თურქული მონეტების 
მურჯახეთის განძი“, „მანდაეთის განძი“. 
ციალა ღვაბერიძე – კომპლექსურად შეისწავლა საქართველოსა და ილხანთა ირანის ასევე საქართველოსა და
ჯელაირთა სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხები; მან დაადგინა ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე 
XIV ს-ში ახალი ზარაფხანის – ყარჯინის ფუნქციონირების ფაქტი, სადაც ქართველი მეფეები ილხანების 
სახელით აწარმოებდნენ სამონეტო ემისიას. ეს და სხვა თემები ქართული ნუმიზმატიკის შესახებ 43
განხილულია სტატიებში: „თბილისის ზარაფხანა XIV ს-ის I ნახ-ში“, „О некоторых нумизматических терминах
по грузинским письменным источникам XIII-XIV в.в.- «Тетри», «Драхкани»“, „ილხანთა ირანის სპილენძის 
ფულის კატალოგი“ და სხვ.. 
გოჩა ჯაფარიძე – მუშაობს არაბული ნუმიზმატიკისა და არაბულ -ქართული მეტროლოგიის საკითხებზე. 
აღსანიშნავია მისი მონოგრაფია „ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან“; მან სპეციალური 
გამოკვლევა უძღვნა აბასიანთა სახალიფოს ზარაფხანების დადგენისა და ლოკალიზაციის საკითხს. 
აღსანიშნავია მისი ნაშრომები, რომლებიც ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართველოში ოქროს მონეტების 
ცირკულაციას ეხება; მან მონოგრაფიულად შეისწავლა თბილისის ამირა ალი იბნ ჯაფარის მონეტები, 
დაადგინა თამარ მეფის გარდაცვალების ჭეშმარიტი თარიღი; ეს და სხვა თემები ქართული ნუმიზმატიკის 
შესახებ განხილულია სტატიებში: „დევიდ მარშალ ლანგი“, „ ქართული მონეტები არაბული 
ზედწერილებით – გიორგი III – ის უცნობი სპილენძის მონეტა“, „ნარკვევები ქართული მეტროლოგიის 
ისტორიიდან“, „აბასელთა სახალიფოს ზარაფხანები“, „ქართული მონეტები არაბული ზედწერილებით“ და 
სხვ. 
იზოლდა ცუხიშვილი – იკლევს IV-XII საუკუნეებში ბიზანტია-დასავლეთ საქართველოს ურთიერთობის 
საკითხებს მონეტების მიხედვით. ეს და სხვა თემები ქართული ნუმიზმატიკის შესახებ განხილულია 
სტატიებში: „აღმოსავლეთ რომის იმპერიის მონეტები საქართველოში – IV-V სს.“, „ გვიანრომაული 
მონეტების ბიჭვინთის განძი“ და სხვ.. 
ნიკო ჯავახიშვილი – კომლექსურად შეისწავლა ქართული ბონისტიკის საკითხები და გამოაქვეყნა 
მონოგრაფია „ქართული ბონისტიკა“, სადაც ქაღალდის ფულის ნიშნების ფონზე მკვეთრად გამოჩნდა 
საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, ტექნიკური განვითარება, ტექნოლოგიური დონე, 
კულტურული ღირებულებანი. ნიკო ჯავახიშვილი მუშაობს საქართველოს ისტორიის აქტუალურ 
საკითხებზე; გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო სტატია, მონოგრაფია „ქართული ფალერისტიკა“ 
(ჯილდოთმცოდნეობა) 

გამოყენებული ლიტერატურა: წიგნ. „ქართული ნუმიზმატიკა“, ავტ. თ. დუნდუა, გ. დუნდუა, 2006; წიგნ. 
„ქართული ბონისტიკა“, ავტ. ნ. ჯავახიშვილი.247. ქართული საკრედიტო მონეტა – XII – XIII სს – ში ქართველ მეფეთა (დემეტრე I, გიორგი III, თამარი, გიორგი 
IV ლაშა) სახელით მოჭრილი სხვადასხვა ზომისა და წონის სპილენძის მონეტები, რომელთაც ვერცხლის 
ფულის ფასი ჰქონდათ. ამგვარი მონეტების მოჭრა დაიწყო მახლობელ აღმოსავლეთში, ე. წ., ვერცხლის 
კრიზისის გავრცელებისთანავე. ფულის ზედწერილი იუწყებოდა: „ეს დირჰემია“, რაც იმას ნიშნავდა, რომ 
სპილენძის ფულის ნიშანს ვერცხლის დრამის ფასი ენიჭებოდა. ასეთივე ღონისძიებისათვის მიუმართავთ 
ქართველ მმართველებს, რაც მაშინდელი ფულის ქართული ზედწერილითაც მტკიცდება: თამარ მეფისა და 
ლაშა – გიორგის სპილენძის ფულს აწერია: „ქორონიკონსა (ამა და ამას) სახელითა ღვთისათა იქნა ჭედაი 
ვერცხლისა ამისა“. ამით საქართველოს მეფეები აღნიშნავდნენ, რომ მის მიერ მოჭრილ სპილენძის ფულს 
ვერცხლის ფულის ფასი ჰქონდა და იგი იძულებითი, სავალდებულო კურსით მიმოიქცეოდა /ი. ჯალაღანია/. 

248. ქართული ფულუსი – (არაბ – სპარს – ფულუს – მრ. რ., მხ. რ. – ფალს – წვრილი სპილენძის ფული), XVII – 
XVIII სს – ში თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი სპილენძის ნახევრად საკრედიტო ფულის ზოგადი სახელი. 
სამონეტო სისტემა და ტიპი აღებულია სეფიანთა ირანის ანონიმური საქალაქო მონეტიდან. ქართულ 
ფულუსს ჭრიდა ქართლის ხელისუფალი. მიმოიქცეოდა ქართლის სამეფოში და მის ფარგლებს გარეთაც. 
მოჭრის თარიღი აღნიშნავს ტიპის დამკვიდრების დროს. XVII ს – ში ქართული ფულუსი ანონიმურია 
(გამონაკლისია შაჰ–სეფის სახელით მოჭრილი მონეტები). XVIII ს – ში ქართულ ფულუსზე გაჩნდა 
ქართული ასოებით დაქარაგმებული ქართლის მმართველებისა და მეფეთა სახელები: „ვახტანგ“, „სიმონ“, 
„ბაქარ“, „თეიმურაზ“, „თეიმურაზ ერეკლე“, „ერეკლე“, „გიორგი“. ყველაზე გავრცელებული იყო 2 ნომინალი 
(1/2 ბისთი, ანუ 10 დინარი) და ფული (1/4 ბისთი, ანუ 5 დინარი), ზოგჯერ იჭრებოდა ბისთიც (4 ფული, ანუ 
20 დინარი). მონეტის ერთ მხარეზე სხვადასხვა გამოსახულებაა (ლომი, ირემი, ცხენი, ფარშანავგი, გემი, 
ბაგრატიონების გერბი, რუსეთის გერბი და სხვ.). მეორე მხარეზე სპარსულად წერია: „ფულუსი იჭედა 
თბილისს“ ან „მონა ღვთისა. იჭედა თბილისს“. თარიღი ჰიჯრითაა მოცემული, გვხვდება ევროპული 
თარიღიც /თ. ქუთელია/. იხ. ბისტი. 

249. ქართულ წარმართულ ღვთაებათა პანთეონი – უძველესი ცნობების თანახმად, ქართველთა 
წინაქრისტიანულ პანთეონს შეადგენდნენ ციური სხეულები (ან მათი განმასახიერებელი ღვთაებები) – მზე, 
მთვარე და ხუთი ვარსკვლავი. უფრო მოგვიანებით შემოუღიათ გაცისა და გაიმის კულტები და მათი 
კერპები აღუმართავს. ქართლის სახელმწიფოს დამაარსებელმა ფარნავაზ I–მა რელიგიური რეფორმა 
ჩაატარა, სახელმწიფო რელიგიად არმაზის კულტი გამოაცხადა და ამ ღვთაების კერპი აღმართა არმაზის 
მთაზე. არმაზის კულტის შემოღებას, როგორც ამას ისტორიული წყაროები გვაუწყებენ, არავითარი 
კონფლიქტი არ მოჰყოლია ადრე არსებულ რელიგიასთან. იგი მთავარ ღვთაებად მიუჩნევიათ, ხოლო გაცისა 
და გაიმის კერპები მისი კერპების ორივე მხარეს დაუდგამთ და უწინდებურად სცემდნენ თაყვანს. მეორე 44
მეფემ, საურმაგმა, აინინას და დანინას კერპები აღმართა „გზასა ზედა მცხეთისასა“, მოგვიანებით ზადენის
კულტიც შემოიღეს. ღვთაებათა ამ გალერეას ამთავრებს აფროდიტეს კულტი, რომელიც მეფე რევ მართალმა 
შემოიღო და კერპიც დაუდგა მცხეთის თავს. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით არმაზი და ზადენი 
მიჩნეული არიან ქართლის დიდ ღმერთებად („სოფლის მპყრობელი, მზის მომფენელი, წვიმის მომცემი და 
ქვეყნის ნაყოფთა გამომზრდელი“), ნაყოფიერების ღვთაებებად, მაშინ როცა გაცი და გაიმი „დაფარულის 
გამომძიებებლად“ ითვლებოდნენ. ქართულ წარმართულ ღვთაებათა პანთეონი რამდენიმე საუკუნის 
მანძილზე ყალიბდებოდა; მთავარი ღვთაება იყო არმაზი, რომელიც ხეთურ სამყაროსთან იყო 
დაკავშირებული, თუმცა ადგილობრივი რწმენა – წარმოდგენების კვალიც ატყვია. არმაზის რელიგია და 
პანთეონი ქრისტიანობამ გაანადგურა /ირ. სურგულაძე/. 

250. ქაღალდის ფული – ქაღალდის ფული წარმოადგენს ღირებულების ნომინალურ ნიშანს, რომელსაც 
სახელმწიფოს ხელისუფლება თავისი ხარჯის დასაფარავად უშვებს მიმოქცევაში. ქაღალდის ფულის 
ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა დაახლოებით 650 წელს ჩინეთში. ქაღალდის ფულის გამოშვების ცდები იყო 
სხვა ქვეყნებშიც, მაგ., 1294 წელს – ილხანთა ირანში, 1337 წელს – იაპონიაში; ევროპის სახელმწიფოებიდან 
ქაღალდის ფული პირველად შვედეთში შემოიღეს 1662 წელს, ხოლო მოგვიანებით ეს სიახლე მთელ 
მსოფლიოში გავრცელდა /ნ. ჯავახიშვილი/. 

251. ქორონიკონი – ძველი საქართველოს საკუთარი წელთაღრიცხვა; თარიღის აღსანიშნავად ციფრების ნაცვლად
ხმარობდნენ ანბანის ასოებს, რომლებსაც რიცხვითი მნიშვნელობა ჰქონდა. ქორონიკონს საფუძვლად უდევს 
532–წლიანი ციკლი (დროის მონაკვეთი), ანუ მოქცევა. შუა საუკუნეების ქართველი ასტრონომები ქვეყნის 
შექმნიდან ჩვენი წელთაღრიცხვის დაწყებამდე ათ მოქცევასა და 284 წელს, ე. ი. 5604 წელს (532X10+284) 
ანგარიშობდნენ. ქორონიკონით წელთაღრიცხვა ჩვენში მხოლოდ 780 წლიდან ანუ XIII მოქცევიდან 
შემოიღეს და XIV მოქცევაშიაც ხმარობდნენ. მოქცევის წელიწადი ქორონიკონად იწოდება. თანამედროვე 
წელთაღრიცხვაზე ქართული ქორონიკონის გადასაყვანად მოცემულ ქორონიკონს 780 ან 1312 უმატებენ იმის 
მიხედვით, თუ რომელ მოქცევასთან გვაქვს საქმე. ერთი მოქცევის დამთავრებისა და მეორის დაწყების დროს 
ანგარიში თავიდან იწყება და თარიღები ისეთივე რჩება, როგორც წინა მოქცევაში /დ. კაპანაძე/. 

252. ყაანური – XIII ს – ის 60 – 70 – იან წლებში თბილისში მოჭრილი მონღოლური ანონიმური ვერცხლის მონეტა, 
რომლის ერთ მხარეს ყაენის ტიტულია („ყაან მართლმსაჯული“) გამოსახული, მეორეზე კი – მაჰმადიანური
სარწმუნოებრივი სიმბოლო, მოჭრის თარიღი და ადგილი (თბილისი). ამ სახის ფული დიდი რაოდენობით 
მოჭრეს 1261–1280 – იან წლებში. გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოში, ამიერკავაკსიის სამხრეთ – 
აღმოსავლეთ ნაწილში (სომხეთი) და სავარაუდოა, ამიერკავკასიის გარეთაც. იხ. ყაზანაური. 

253. ყაზანაური – ყაზან – ყაენის (1295 -1304 წწ.) რეფორმის შედეგად შემოღებული ვერცხლის ფული და ამ 
ფულის მსგავსად საქართველოში მოჭრილი მონეტები; საქართველოში გავრცელდა XVI ს – ის დამდეგიდან 
და ამავე საუკუნის II ნახ – დან უკვე გამქრალია /დ. კაპანაძე/. იხ. ყაანური. 

254. ყალბი ფული – ძველად საბერძნეთსა და რომში ყალბი ფულის დამზადება ერთ – ერთ უმძიმეს დანაშაულად 
ითვლებოდა და სახელმწიფო ხელისუფლება მის აღსაკვეთად უკიდურეს ღონისძიებებსაც კი მიმართავდა: 
დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდა ან ხელს აჭრიდა, მაგრამ ამ ბოროტების ამოძირკვა დღემდე ვერ მოხერხდა 
და, ალბათ, ვერასოდეს მოხერხდება. ეს პროფესია გაქრება ფულის სიკვდილთან ერთად. მართალია, 1929 
წელს ჟენევაში დაიდო კონვენცია ყალბი ფულის დამზადების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისა, 
რომელსაც ხელი მოაწერა მრავალმა ქვეყანამ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ამ ბოროტების ფართოდ 
გავრცელებისათვის თვით ხელისმომწერ სახელმწიფოთა შორის /გ. დუნდუა/. 

255. შავი ფული – ანუ სპილენძის ფული, შავი ფულის ნომინალების შესახებ ძველ ქართულ საბუთებში 
გაცილებით ნაკლები ცნობები მოიპოვება. უძველესი ტერმინი, რომელიც სპილენძის ფულს გულისხმობს 
არის „კერმა”, რომელიც ზოგჯერ „რვალით” იცვლება. XI ს – დან შემოდის ტერმინი „ფოლი”. საუკუნეთა 
განმავლობაში ამ ტერმინმა მრავალნაირი ცვლილება გამოსცადა – ბერძნული „ფოლისიდან”, არაბების დროს 
ის „ფელსად” გადაიქცა და ამ სახით მონღოლთა დრომდე შემორჩა; XVII ს – დან „ფელსის” ნაცვლად 
შემოღებული იყო სპარსული „ფულუსი”, რომელიც ჩვენში „ფულის” სახით დამკვიდრდა /დ. კაპანაძე/. 

256. შაური – იგივე შაჰი, საქართველოში გავრცელებული და დღემდე შემორჩენილი ფულადი საანგარიშო 
ერთეული, XVI ს – ის მეორე ნახ – ში დამკვიდრდა და აბაზის ერთ მეოთხედს შეადგენდა; XVII – XVIII სს – 
ის საქართველოში ფულად მიმოქცევაში ფაქტიურად ვერცხლის ფულის შემდეგი ნომინალები იყო 
გავრცელებული: ექვსშაურიანი (ნახევარმარჩილიანი), აბაზი, ორშაურიანი და შაურიანი, იშვიათ 
შემთხვევაში ჩნდება სპარსეთიდან შემოღებული ფანჯშაჰი (ხუთშაურიანი) და უკნინესი ვერცხლის მონეტა 
ბისტი /დ. კაპანაძე/. 

257. შირვანული თანგა – ვერცხლის მონეტა, მოჭრილი XV ს – ის შირვანში (აზერბაიჯანი) თემურლენგის 
მაღალხარისხოვანი ვერცხლის მონეტის მიხედვით. მასა 6,2 გ.. დროთა განმავლობაში მისი წონა იკლებდა 45
და ფარუხ იესარის მმართველობის დროს (1462 – 1500 წწ.) 1,90-1,75 გრ – მდე დაეცა. მონეტის შუბლსა და
ზურგზე არაბული ზედწერილებია. შირვანული თანგა აღმოჩენილია საქართველოშიც: სოფ. საქობოში 
(ლაგოდეხის რ – ნი) XV ს-ის I ნახ-ში შემახასა და ბაქოში მოჭრილი შირვანული თანგები. სოფ. თამარაშენში 
(ქვემო ქართლი), რომელთაგან ყველაზე გვიანდელი მონეტა 1462-1463 წლებით თარიღდება; დუშეთის რ – 
ში XV ს-ის I ნახ-ის შირვანული თანგები, რომლებიც მოჭრილია ბაქოში, დარუბანდსა და შემახაში; სოფ. 
ალში (ხაშურის რ-ნი) ხალილულა I – ისა (1417-1462 წწ.) და ფარუხ იესარის დროს მოჭრილი შირვანული 
თანგები, რომელთაგან ყველაზე გვიანდელი მონეტა 1492-1493 წლებით თარიღდება /გ. დუნდუა/. 

258. შუა საუკუნეები – მსოფლიო ისტორიის ერთ–ერთი პერიოდის აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც იხმარება 
ისტორიულ მეცნიერებაში. მოიცავს შუალედს ძველსა და ახალ ისტორიას შორის. შემოიღეს XV – XVI სს – ში 
იტალიელმა ისტორიკოს – ჰუმანისტებმა. მეცნიერებაში XVIII ს – იდან დამკვიდრდა. მეცნიერები მას 
განიხილივაენ, როგორც ფეოდალიზმის ჩასახვის, განითარებისა და დაშლის ეპოქას და ძველი და შუა 
საუკუნეების ისტორიულ მიჯნად მიიჩნევს მონათმფლობელური რომის იმპერიის დამხობის (პირობითად 
476 წ.) თარიღს. შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის მიჯნად ითვლება XVII ს – ის ინგლისის 
ბურჟუაზიული რევოლუცია. ტერმინი „შუა საუკუნეები“ იხმარება როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნების, 
ისე სხვა რეგიონების მიმართაც, თუმცა ფეოდალური არსებობის ხანა ყველგან არ ემთხვევა ერთმანეთს. შუა 
საუკუნეების შემსწავლელ მეცნიერებას მედიევისტიკა ეწოდება. 

259. შუა საუკუნეების ხელოვნება – ისტორიულ – მხატვრული ტერმინი, რომელიც ჩვეულებრივ იხმარება 
ფეოდალიზმის ხანის ხელოვნების ისტორიის ადრინდელი და მომწიფებული ეტაპების აღსანიშნავად 
(დასავლეთ ევროპაში V – XIV სს., რენესანსის ეპოქამდე; რუსეთში – X – XVII სს.; საქართველოში – IV – XVII 
სს.). შუა საუკუნეების ხელოვნება მჭიდროდ უკავშირდებოდა რელიგიური მსოფლმხედველობის მთელ 
სისტემას, ხასიათდებოდა სახეთა გარკვეული პირობითობით. აღმოსავლური ქვეყნების ხელოვნებისათვის 
ეს ტერმინი ვრცელდება მთელი ფეოდალიზმის ხანაზე. 

260. ჩერვონეცი – იგივე ლობანჩიკი, იხ. დუკატი. 

261. ჩითახური თეთრი – გეოგრაფიული ხასიათის ტერმინი; სოფ. ჩითახევი, რომელიც ამჟამად ტრაპიზონის 
ვილაიეთში მდებარეობს, ადრე საქართველოს საზღვრებში შედიოდა, ძველთაგანვე განთქმული იყო 
ვერცხლის საბადოებით, რისთვისაც ბერძნები არგვირიკასტრას უწოდებდნენ. ამ ტერიტორიას თურქებმა 
დაპყრობის შემდეგ სახელი შეუცვალეს და უწოდეს გიუშიმანხე, რაც ბერძნული სახელწოდების პირდაპირ 
თარგმანს წარმოადგენს. გიუშიმანხეში მოჭრილი თურქული მონეტებიც კი აღმოაჩნდა, მაგრამ ეს მონეტები 
შედარებით გვიანდელი – XVIII ს -ის შუა წლებისაა /დ. კაპანაძე/. 

262. ცალმხრივი მონეტა – გამოსახულება ამოტვიფრულია მხოლოდ ერთ მხარეზე, მეორე მხარეს კი აქვს 
ჩაღრმავებები; ცალმხრივია ადრეარქაული მონეტები /გ. დუნდუა/. 

263. წიბო – იგივე გურტი, მონეტის გვერდის ზედაპირი; თანამედროვე მონეტების გურტი შესაძლოა იყოს 
გლუვი, წვრილად დაჭდეული, კუთხვილი ზედაპირით ან თანდართული წარწერით, ე. წ. ნაჭედი გურტი. 
პირველი მონეტები, რომელთაც გურტი დამუშავებული ჰქონდათ მანქანური ჭედვით გამოჩნდა XVI ს-ის II 
ნახევარში საფრანგეთში. დამუშავებული გურტი იცავს მონეტას გაყალბებისაგან, ასევე 
მხედველობადაქვეითებულებს შეუძლიათ შეხებით ამოიცნონ მონეტის ნომინალი. გურტის სახეობა 
თავისდათავად მონეტის ტიპის დახასიათების ერთ-ერთი პარამეტრია. გურტის ნაწიბურის ხარისხით 
განსზღვრავენ მონეტის შენახულობის ხარისხს, განსაკუთრებით ანტიკური და შუა საუკუნებიის მონეტების 
შეფასების შემთხვევებში. ნახატიანი წიბო საქართველოში მხოლოდ XIX ს–ში შემოიღეს. 

264. წითელი – წითელი ოქრო – წითელი დინარი – XI-XII სს – ის საქართველოში მიმოქცევადი აღმოსავლური 
ოქროს მონეტები; ამ ტერმინებში, გ. ჯაფარიძის მოსაზრებით, აბასელთა დინარი უნდა იგულისხმებოდეს; 
აღმოსავლური ოქროს მონეტების ბრუნვა XI – XII სს – ის საქართველოს ფულად მიმოქცევაში ფაქტობრივი 
მასალით არ დასტურდება /დ. კაპანაძე/. 

265. ჭედვა – ლითონების წნევით დამუშავების ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროს იარაღი ნამზადზე ასრულებს 
მრავალჯერად წყვეტილ ზემოქმედებას, რის შედეგად იგი (ნამზადი) დეფორმირდება და თანდათანობით 
საჭირო ფორმასა და ზომას იღებს. ჭედვის ძირითადი ოპერაციებია დასმა, გამოტვიფვრა, გაწელვა, მოგორვა, 
გაჭოლვა, ჭრა, სამჭედლო შედუღება და სხვ. ჭედვა ცნობილი იყო მანამ, სანამ ადამიანი მადნისაგან 
ლითონის მიღებას დაიწყებდა; მაგ., ირანში, მესოპოტამიასა და ეგვიპტეში მეტეორიტული რკინის ჭედვა ძვ. 
წ. IV-III ათასწლეულში იცოდნენ. თითქმის ამავე პერიოდიდან იწყებენ ლითონის დამუშავებას იბერიულ-
კავკასიური მოდგმის ხალხები. 

266. ჭედური ხელოვნება – ლითონის მხატვრული დამუშავების უძველესი დარგი; აერთიანებს ტექნიკურ-
მხატვრული შესრულების ყველა იმ ხერხს, რომელთა საფუძველს ლითონის პლასტიკური დეფორმაცია 46
წარმოადგენს. რელიეფურ გამოსახულებათა მიღება მონეტების, მედალიონებსა და სხვათა ზედაპირზე
სრულდება ხელის ან წნეხის ძლიერი დარტყმით შტემპელებზე – პუსონებზე, რომლებზედაც 
გამოსახულებები და წარწერები წაროდგენილია ჩაღრმავებულად. 

267. ჭვირნიშანი – წყლის ნიშანი, ფილიგრინი, გამჭვირვალე გამოსახულება – მოხატულობა ან ტექსტი 
ქაღალდზე, რომელიც ჩანს მხოლოდ სინათლეზე გახედვისას; კეთდება ქაღალდის წარმოების პროცესში 
ქაღალდის სველ ტილოზე ეგუტერის ან მრგვალბადიანი მანქანის ცილინდრების მეშვეობით. ჭვირნიშანი 
აღმოცენდა ევროპაში იმ პერიოდში, როდესაც ქაღალდის წარმოებამ სავაჭრო-სასაქონლო მნიშვნელობა 
მოიპოვა. პირველად იგი ქაღალდის იტალიურ ნაწარმზე გაჩნდა XIII ს-ის ბოლოს. ამ ნიშნის მიხედვით 
ხდებოდა ხელოსნის შრომის ანაზღაურება. ევროპული წარმოების ქაღალდი ჭვირნიშნიანი იყო XIX ს-ის 
ბოლომდე. ევროპულისაგან განსხვავებით, აღმოსავლური წარმოების ქაღალდს ჭვირნიშანი არ ჰქონია. 
ქართული ტერმინი „ჭვირნიშანი“ ივანე ჯავახიშვილმა შემოიღო. ქართული ხელნაწერების ჭვირნიშნებს 
პირველმა ექვთიმე თაყაიშვილმა მიაქცია ყურადღება. ქართულ წერილობით ძეგლებში ჭვირნიშანი XIV ს-ის 
დამდეგიდან გვხვდება, ქაღალდი ვენეციიდან შემოჰქონდათ. XV-XVI სს-ის მიჯნაზე აღმოსავლური 
წარმოების ქაღალდი საქართველოში გაქრა და ევროპული ჭვირნიშნიანი ქაღალდი გაბატონდა. თუ ძველად 
ჭვირნიშანს სავაჭრო-სასაქონლო ღირებულება ჰქონდა, თანდთანობით მან შეიძინა სამეცნიერო და დამცავი 
დატვირთვა: ჭვირნიშნით არკვევენ ძველი ქაღალდის სადაურობას და ათარიღებენ უთარიღო ძველ 
დოკუმენტაციასა და წიგნებს, ყალბისაგან ანსხვავებენ ნამდვილ ფულს, ფასიან ქაღალდებს, საბუთებს, 
მარკებს და ა. შ. ზოგჯერ მისი დანიშნულება მხოლოდ ქაღალდის გალამაზებაც არის. 

268. ხაზინა – 1. სახელმწიფო ფინანსური დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ბიუჯეტის შესრულებასა 
და გადასახადების აკრეფას; 2. ხანების, მეფეების, საუფლისწულოებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა 
საცავი. 

269. ხაზინადარი – 1. ძველად ხაზინის უფროსი; 2. რომელიმე ორგანიზაციის ფასეულობათა (ფული და სხვა) 
მცველი. 

270. ჯუჩიდური ფული – XIV ს-ის შუა ხანებიდან საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა 
ჯუჩიდურმა (ოქროს ურდოს) ფულმა. ჯუჩიდი ხანების ჯანიბეგის (1343 -1357 წწ.) და მისი მემკვიდრის 
ბერდიბეგის (1357-1380 წწ.) სახელით1356 – 1357 წლებში თბილისშიც მოიჭრა მონეტა. ეს საოკუპაციო 
მონეტა იყო: ილხანთა დაცემის შემდეგ ჯუჩიდებმა მცირე ხნით შეძლეს ირანისა და კავკასიის დაპყრობა. 

271. ჰემიდრაქმა – (ბერძნ. hemi – ნახევარი, ნახევრად), იგივე ტრიობოლი; ვერცხლის მონეტა; ფულისა და წონის 
ერთეული ძველ საბერძნეთში; დრაქმის 1/2. 

272. ჰიბრიდული მონეტა – იხ. ერთობლივი მონეტა. 

273. ჰიჯრა – (არაბ. – გადასახლება, გადახვეწა, ემიგრაცია), მუსლიმურ ქვეყნებში გავრცელებული კალენდრის 
სახელწოდება. ხალიფა უმარ I-ის დროს (634-644 წწ.) ჰიჯრა გამოცხადდა მუსლიმური წელთაღრიცხვის 
დასაწყისად (მუსლიმური ერა). ცნობილია მთვარისა და მზის ჰიჯრის კალენდრები. მთვარის კალენდარი 
გავრცელებულია ახლო და შუა აღმოსავლეთის უმეტეს მუსულმანურ ქვეყნებში, მზისა – ირანში, ავღანეთში, 
თურქეთში. ჰიჯრის მთვარის კალენდრის პირველი დღეა 622 წლის 16 ივლისი (მუსლიმური ტრადიციის 
მიხედვით, მაჰმადისა და მისი მიმდევრების (მუჰაჯირების) მექიდან მედინაში გადასახლების თარიღი), 
მზის კალენდრისა – 20-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობის დრო). მუსლიმურ მთვარის წელიწადში 354 დღეა, 
თვეში – 29-30 დღე. ჰიჯრის კალენდრის დღეები 11-12-ით ნაკლებია საყოველთაოდ გავრცელებულ 
გრიგორიანული კალენდრის დღეებზე და ამიტომ ყოველ 33 წელიწადში ვიღებთ ერთი წლის განსხვავებას. 
ჰიჯრის წლების გადაყვანა გრიგორიანულზე და პირუკუ შესაძლებელია სპეციალური ფორმულებით ან 
ტაბულების საშუალებით /ე. სიხარულიძე/. 

274. ჰულაგუიანები – მონღოლური დინასტია, რომლის წარმომადგენლები XIII ს – ის შუა წლებიდან – XIV ს – ის 
შუა წლებამდე ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს განაგებდნენ. ჰქონდათ ილხანის (ულუსის ხანის) 
ტიტული. იყვნენ ჰულაგუ ხანის შთამომავლები. ჰულაგუიანების სახელმწიფო შეიქმნა მონღოლური 
ფეოდალური იმპერიის დაშლის პროცესში. იგი მოიცავდა ირანს, ახლანდელ ავღანეთს, თურქმენეთს, 
ამიერკავკასიის დიდ ნაწილს, არაბეთის ერაყს და მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს. მისი ვასალები და 
მოხარკეები იყვნენ საქართველო, ტრაპიზონის იმპერია, კონიის სასულთნო, კილიკიის სომხ. სამეფო, 
კვიპროსის სამეფო, ქართების სახელმწიფო. დედაქალაქები (თანამიმდევრობით) – მარაღა, თავრიზი, 
სოლთანიე. ჰულაგუიანები ჩაღათაელებს, ოქროს ურდოს და ეგვიპტის მამელუქთა სახელწიფოს. 
ჰულაგუიანთა სახელმწიფოს პირველ პერიოდში (1256 – 1304 წწ.) მკვეთრად შეცვალა საშინაო პოლიტიკა, 
დაუახლოვდა მუსლიმურ (ირანულ) არისტოკრატიას და სამოქალაქო ბიუოკრატიას. რაშიდ ალ – დინის 
თანადგომითა და ხელშეწყობით მან გაატარა მთელი რიგი რეფორმები, რამაც გამოიწვია დროებითი 47
ეკონომიკური აღმავლობა სახელმწიფოში. აბუ საიდის (1316 – 1335 წწ.) სიკვდლის შემდეგ ცალკეულ
ფეოდალურ დაჯგუფებებს ტახტზე აჰყავდათ მარიონეტი ილხანები ჰულაგუიანების საგვარეულოდან. XIV 
ს – ის 40 – იან წლებში ჰულაგუიანების სახელმწიფო რამდენიმე ფეოდალურ სახელმწიფოდ დაიყო 
(ჯელაირიდთა, ჩობანიდთა, მოზაფერიდთა). ჰულაგუიანების სახელმწიფოს დაშლაში დიდი როლი ითამაშა 
სახლემწიფო აჯანყებებმა (სარბედართა, გილანის, მაზანდარანის და სხვ.). უკანასკნელი ჰულაგუიანი 
ილხანი – თუღაი თემურ – ხანი 1353 წ. დაიღუპა სარბედართა ხელით. ჰულაგუიანთა დინასტიის ილხანები: 
ჰულაგუ – ხანი (1256 – 1265 წწ.), აბაღა – ხანი (1265 – 1282 წწ.), აჰმედ თოგუდანი ( 1282 – 1284 წწ.), არღუნ – 
ხანი (1284 – 1291 წწ.), ქეღათუ – ყაენი (1291 – 1295 წწ.), ბაიდუ – ხანი (1295 წ.), ყაზან – ყაენი (1295 – 1304 წწ.), 
ოლჯაითუ – ყაენი (მუჰამად ხუდაბანდა – 1304 – 1316 წწ.), აბუ საიდ ბაჰადურ – ხანი (1316 – 1335 წწ.), არფა 
(1335 – 1336 წწ.), მუსა (1336 წ.) /დ. კაციტაძე/. 

275. ჰულაგუიანური დირჰემი – ყაზან–ყაენის ფულადი რეფორმის შემდეგ, XIII ს – ის დასასრულს, ჰულაგუიანი 
ილხანების სახელით მოჭრილი ვერცხლის მონეტა გავრცელებული იყო საქართველოში, ქოდალოს, 
ყარაღაჯის განძები; ამ ტიპის ფულს თბილისის ზარაფხანაშიც ჭრიდნენ. იხ. ქართულ – ჰულაგუიანური 
დირჰემი.

ქართული ფულის თავგადასავალი26 საუკუნე კოლხური თეთრიდან ეროვნულ ვალუტამდე

რადგან არსებობს მოსაზრება – ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელიწადს ისე გაატარებო, შესაბამისად, ყველა ცდილობს, სიტკბოსთან ერთად ხვავი და ბარაქა დაიბედოს. ამიტომაც არის, რომ ათასგვარი ნუგბარით დამშვენებულ სუფრას ფულის ბანკნოტსაც მიამატებენ ხოლმე. ჩვენც გადავწყვიტეთ, ამ ბედობა დღეს ხვავი, ბარაქა და დოვლათი დაგაბედოთ და ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს შემოგთავაზებთ.

როლანდ სპანდერაშვილი (საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალისტი): “მსოფლიოში პირველი მონეტა ქრისტეს წინარე VII საუკუნეში, მცირე აზიის სახელმწიფო ლიდიაში მოიჭრა. ამის შემდეგ, მალევე მოჭრა საკუთარი მონეტა საბერძნეთის ერთ-ერთმა კუნძულმა ეგინამ. ქრისტეშობამდე VI საუკუნეში ჩვენმა სახელმწიფომაც მოჭრა პირველი მონეტა – კოლხური თეთრი. სწორედ აქედან იწყებს დასაბამს ქართული ფული, რომელსაც 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს და ერთ-ერთი პირველია მსოფლიო მონეტებს შორის. კოლხური თეთრი ვერცხლისგან იყო დამზადებული, ნომინალური სისტემით კი ბერძნული მონეტების თანაბარ, ანუ დრაქმის სისტემაში იყო მოჭრილი. შესაბამისად, კოლხური თეთრით ანგარიშსწორება სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ და მისი კონვერტაციაც თავისუფლად ხდებოდა. 

პირველი ქართული მონეტის აღმოჩენის არეალი ვრცელია: ნაპოვნია ათენში, ტრაპიზონში, ყირიმის ნახევარკუნძულზე. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ნიმუში საქართველოშია აღმოჩენილი, განსაკუთრებით ვანის განძში, სადაც ათასზე მეტ კოლხურ თეთრს მიაკვლიეს. უფრო მეტად მიმოქცევაში იყო კოლხური თეთრის მცირე ნომინალი – ნახევარდრაქმიანი, რომელზეც უძველესი ქართული კულტი – ხარი იყო გამოსახული. ოთხდრაქმიანზე გამოსახული იყო დაღრენილი ლომის თავი, რევერსზე კი ფრთოსანი რაში. ამ მონეტის სულ სამი ორიგინალი არსებობს: ერთი ინახება ჰააგის მუზეუმში, მეორე ბრიტანეთის მუზეუმში და მესამე – საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

– რა მსყიდველობითი უნარი ჰქონდა პირველ ქართულ ფულს?
– ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ანტიკური ბაზრის ფასები, რომლის თანახმადაც, ყველაზე ძვირი მონა ღირდა და მისი ფასი 50-60 დრაქმიდან იწყებოდა. ხარი 10 დრაქმა ღირდა, ამფორა ღვინო – 10-12 დრაქმა, ფეხსაცმელი 8 დრაქმა ღირდა, შავი მუშის დღიური გასამრჯელო კი 1 დრაქმა იყო. საკმაოდ ინტენსიურად იყო განვითარებული ეკონომიკური ურთიერთობები ბერძნულ სამყაროსთან შავი ზღვის მეშვეობით. ეს იმითაც გამოიხატა, რომ ქართულმა ქალაქმა დიოსკურიამ ქრისტეს წინარე I საუკუნეში საკუთარი ფული გამოუშვა. ეს დიოსკურიის, უძველესი სოხუმის საქალაქო მონეტები გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ის მცირე ნომინალებით, ანუ ხურდა ფულის ეკვივალენტით მოიჭრა, საქალაქო მონეტების არსებობა დიოსკურიის მაღალ ეკონომიკურ განვითარებაზე მეტყველებს. გარდა ამისა, საქართველოში მიმოიქცეოდა როგორც ალექსანდრე მაკედონელის ოქროს საფასეები, ასევე რომის იმპერიის დინარები და პართიის სამეფოს ვერცხლის დრაქმები… 

აღსანიშნავია დავითისა და თამარის პერიოდის ქართული მონეტები. ამ დროს ერთი ნიშანდობლივი გარემოება იკვეთება, რომელსაც ვერცხლის კრიზისი ჰქვია. საქართველოს მახლობლად მყოფი სახელმწიფოები, მცირე აზია და ბიზანტიის იმპერია ვერცხლის კრიზისმა მოიცვა. ჩვენც ამ სამყაროს ნაწილი ვიყავით და მიუხედავად ოქროს ხანისა, დავითიდან რუსუდანამდე, საქართველოში ვერცხლის მონეტა არ მოჭრილა. X საუკუნის გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ისტორიიდან გამორჩეულია დავით IV აღმაშენებლის მონეტა, რომლის ორიგინალი ლონდონის მუზეუმშია დაცული. ამ მონეტაზე დავითი მთელი თავისი სამეფო დიდებით არის გამოსახული, ხოლო რევერსზე წარწერაა: “მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა”. ვერცხლის კრიზისმა და სპილენძის მონეტების ხანგრძლივმა მიმოქცევამ დასაბამი მისცა არაწესიერი ჭედვის მონეტებს.

სპილენძისგან მონეტების დამზადება ტექნოლოგიურად უფრო რთულია, ვიდრე ვერცხლისგან ჭედვა. არადა, ეკონომიკის გაძლიერებამ და ვაჭრობის განვითარებამ დიდი ფულის მასის მოჭრის საჭიროება წარმოშვა. ამან ფულს ფორმა დაუკარგა, თუმცა იმ დროს სპილენძის წესიერი ჭედვის მონეტებიც იჭრებოდა. არაწესიერი ჭედვის მონეტებს ხშირად არ ჰქონდა ნომინალების აღმნიშვნელი წარწერები, თუმცა ვერცხლის ფულის, დირჰემის ღირებულებით იყო მოჭრილი. მაგალითად, თამარ მეფის დროს გამოშვებულ არაწესიერი ჭედვის მონეტაზე წარწერაა: “იქნა ჭედა ამის დირჰემისა”.
დავით III კურაპალატის დროს მოჭრილი ვერცხლის მონეტის ავერსზე ვკითხულობთ: „ქრისტე შეიწყალე დავით“, რევერსზე კი გამოსახულია ჯვარი და ქართული წარწერა: „კურაპალატი“. ეს ერთ-ერთი იშვიათი ქართული მონეტაა, რომელიც ჩართული იყო საერთაშორისო მიმოქცევაში. სულ აღმოჩენილია ოთხი ცალი, ოთხივე საზღვარგარეთ. ერთ-ერთი ნაპოვნია 1859 წელს გერმანიის ქალაქ შვაანთან, მეორე 1878 წელს სანქტ-პეტერბურგში, მესამე – 1900-იან წლებში ესტონეთის ქალაქ ვილაში, მეოთხე კი შვედეთში. ეს მონეტა ადასტურებს X-XI საუკუნეებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს ევროპის ქვეყნებთან.

ერეკლე II-ის პერიოდში სამონეტო საქმე ძალიან მაღალ დონეზე ავიდა. მეფემ საკუთარი საბადოები აამოქმედა, სადაც პონტოელი ბერძნები ჩამოასახლა და ქართული ლითონის მოპოვება დაიწყო. ვერცხლის თუ სპილენძის ყოველი მონეტა, რომელიც მის დროს იყო მოჭრილი, საქართველოს სამხრეთში, ბორჩალოს მხარეში მოპოვებული ლითონისგან არის ნაჭედი. ერეკლეს მონეტებზე გამოსახული იყო თევზი, როგორც უძველესი ქრისტიანული სიმბოლო, ასევე ბაგრატიონთა იმდროინდელი სახელმწიფო გერბი. ერეკლე II-ის მეფობისას საქართველოში იჭრებოდა სირმა აბაზები. საქართველოს გარდა, ეს მონეტები მიმოიქცეოდა აზერბაიჯანში, სომხეთში და დაღესტანშიც. მიუხედავად იმისა, რომ 1801 წლიდან საქართველოში რუსეთის იმპერიის მმართველობა დამყარდა, ერეკლე II დროს მოჭრილი მონეტები მიმოქცევაში XIX საუკუნის 30-იან წლებამდე დარჩა, რაც მისმა სანდოობამ განაპირობა. გარდა იმისა, რომ მყარი ფულის ერთეული იყო, თავად ლითონი, რისგანაც მონეტები იყო მოჭრილი, 98%-იანი სისუფთავით გამოირჩეოდა. ერეკლეს მმართველობისას მოიჭრა “ერეკლეს ჩერვონეციც”. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს მონეტა აღწერილია, როგორც მცირე უზუსტობის მქონე მონეტა, რადგან ავერსის თარიღი არ ემთხვევა რევერსისას. ფართო მიმოქცევაში არ ყოფილა და მხოლოდ ათამდე ორიგინალია დაცული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. 

დავით ბატონიშვილის სპილენძის მონეტის ავერსზე კი ფარშევანგია გამოსახული და თარიღი ჰიჯრით: 1215. რევერსზე წარწერაა: „ტფილისი“. 1801 წელს, ქართლ–კახეთის მეფე გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია 1783 წლის ტრაქტატი და ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა. წესით, გიორგი მეფის ვაჟი, დავითი უნდა გამეფებულიყო, მაგრამ რუსებმა არ დაანებეს. დავით ბატონიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ მეფე არ ყოფილა, მოჭრა მონეტა, რომელიც უიშვიათეს ქართულ მონეტად ითვლება. ცნობილია მისი ერთადერთი ეგზემპლარი. ეს მონეტა დაცულია ბერლინის მუზეუმში.

– პირველი ქართული ქაღალდის ბანკნოტები როდის შემოდის მიმოქცევაში?
– 1918 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საქართველოს რესპუბლიკამ საკუთარი ვალუტის შექმნაზე ფიქრი დაიწყო. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ 1919 წელს დროებითი გადახდის საშუალება – ქართული ბონი დაბეჭდეს. ქართული ვალუტის ემისიის უფლება იმ დროს ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა გახლდათ, ამიტომ ქართულ ბონებზე დატანილია დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისა და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ფაქსიმილე. ქართულ ბონებზე გამოსახული იყო ქართული გერბი, როგორც საქართველოს რესპუბლიკის სიმბოლო. 1919 წლის 31 დეკემბერს დაარსდა საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური ბანკი, ეროვნული ბანკის სამართალმემკვიდრე, რომლის პირველი თავმჯდომარე გახლდათ ფინანსისტი და იურისტი იასონ ლორთქიფანიძე, ცნობილ მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის ძმა.

ქართული სახელმწიფო მუშაობდა ეროვნული ვალუტის შექმნაზეც, სახელიც მოფიქრებული ჰქონდათ, მას მარჩილი უნდა დარქმეოდა. ცნობილი მხატვარი ევგენი ლანსერე ხატავდა ერთ-ერთი ნომინალის ნიმუშს, რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო მარჩილის გამოშვება არ დასცალდათ.
1995 წლის 2 ოქტომბერს მიმოქცევაში შემოდის ქართული ეროვნული ვალუტა ლარი, რომლის ესკიზის შექმნაზე სახელმწიფო კომისია დაახლოებით ორ წელიწადს მუშაობდა. ფულის სახელწოდება აღებულია “ვეფხისტყაოსნიდან”, როგორც ზოგადად, ქონების კრებითი სახელი. რაც შეეხება ხურდა ფულს, თეთრებს, ამ სახელით XI საუკუნის ქართულ ფულს, ვერცხლის მონეტებს მოიხსენიებდნენ. 

– კუპონებზე არაფერი გითქვამთ.
– კუპონები დროებითი გადახდის საშუალება იყო და არა ეროვნული ვალუტა. რა თქმა უნდა, ისიც ჩვენი ფულის ისტორიის ნაწილია. კუპონი მიმოქცევაში 1993 წელს გამოჩნდა, ის ინგლისში დაბეჭდეს. 1994 წელს, როცა საქართველოში ჰიპერინფლაცია განვითარდა, სახელმწიფომ კუპონის მილიონიანი ბანკნოტიც კი მოჭრა. ლარის შემოღებისას სახელმწიფო კურსი იყო 1 მილიონი კუპონი 1 ლართან. კუპონი მხოლოდ საქართველოს ფულის ისტორიის ნაწილი არ ყოფილა. მსგავსი ეტაპი ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ გამოიარა. მილიონიანი კუპონები ჰქონდა უკრაინას, ბელორუსსა და თითქმის ყველას სახელმწიფოს ყოფილი საბჭოთა სივრციდან. 

ძნელბედობის მიუხედავად, ქართული სახელმწიფო მუდმივად ჭრიდა ფულს. მაშინაც კი, როცა ქვეყანას დროებითი მმართველები მართავდნენ, თბილისში ამა თუ იმ დამპყრობლის მიერ სხვადასხვა ფულის ქართული ნაირსახეობა მაინც იჭრებოდა. მაგალითად, ირანული და მონღოლური მონეტების ქართული ასლები, რომელსაც დატანილი ჰქონდა წარწერა, რომ ის თბილისში იყო მოჭრილი. უფრო მეტიც, ზოგჯერ ქართველი მეფეები ამ მონეტებზე რელიგიურ სიმბოლოებს, ჯვრებს სახავდნენ. ცნობილია, რომ თბილისში პირველი მონეტა არაბებმა მოჭრეს. 1804 წელს კი რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში თბილისში ზარაფხანა გაიხსნა, სადაც ქართულ-რუსული, ე.წ. გარდამავალი პერიოდის ფული იჭრებოდა. უფრო ძველი ზარაფხანის ადგილი კი ჯერაც არ არის მიკვლეული. თბილისის გარდა ზარაფხანები არსებობდა დმანისში, ახალციხეში და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში.

 

დატოვე კომენტარი